წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-2-taille-estoc/
როტაციული პრინციპი საშუალებას გვაძლევს მყისიერად დავარტყათ წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, თანაც ისე, რომ ამისთვის მოსამზადებელი ფაზა არ გავიაროთ.
ყველას ესმის, რომ მეორე კენ ტაი ჯო ამავე კენ ტაი ჯოს მეორე სუბურზეა აგებული, რომელსაც უბრალოდ ბოლოში ირიმის თვლა ემატება ცკის ფორმით.
ამ სავარჯიშოს პირველი და მეორე თვლა, რაკი ისინი სხვა არაფერია, თუ არა მეორე სუბური, უნდა შესრულდეს ისე, როგორც მითითებულია ეს წინა ორ ტექნიკურ სტატიაში და მოძრაობიასას ნათლად უნდა ჩანდეს შუბის ორივე დაბოლოების ერთდროული დარტყმა.
არაერთხელ განგვიმარტავს ამ საიტზე, რომ ყოველი მოძრაობის სათავე თეძოების ბრუნვაში მატერიალიზებული სხეულის ბრუნვაა. ვერც ერთი მოქმედება აიკიდოში იქამდე ვერ იქნება შესაძლებელი, ვიდრე საქმეში არ ჩაერთვება ეს ბრუნვა, სახელად ირიმი-ტენკანი.
არც მეორე კენ ტაი ჯოს ფინალური თვლა ეწინააღმდეგება ამ წესს: სწორედაც, რაკი მარცხენა თეძო უკნისაკენ ბრუნავს და გიაკუ იოკომენის ჭრას ახორციელებს შუბის მარცხენა დაბოლოებით, ამიტომაცაა, რომ მარჯვენა თეძო წინისაკენ ბრუნავს და შუბის მარჯვენა დაბოლოებას წინისაკენ აწვება ცკით. ორივე თეძო ერთდროულად მოქმედებს ამ ორი დარტყმის შესასრულებლად: მარცხენა მჭრელი პირი აუცილებელია, რომ მარჯვენა წვეტით შევარჭოთ, ეს ორივე დარტყმა ერთმანეთს ავსებს.
მაშასადამე, მე-2 კენ ტაი ჯოს უკანასკნელი მოძრაობა არ მდგომარეობს იმაში, რომ უნდა „მოვამზადოთ“ ცკის გასაკეთებლად – ჭრას და დარტყმას ერთდროულად ვასრულებთ. უცხო თვალისთვის შესრულების ეს ორი მანერა ერთმანეთს ჰგავს, არადა განსხვავება, რომელიც ამ ორ მოქმედებას ყოფს ერთმანეთისგან, სწორედაც აიკიდოს თავისებურების მთავარი კონცეფციაა.
როდესაც ადამიანი კმაყოფილდება იმით, რომ ჯო უკან მიაქვს მოსამზადებლად, ირიმის (ცკის) ფაზა დგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის იარაღს მოამზადებს ამისთვის. და პირიქით, როდესაც მოძრაობა სხეულის უკნისაკენ ბრუნვით იწყება, სხეულის მარჯვენა ნაწილი მყისიერად მიდის წინისაკენ ირიმის ფაზაში. ამ სტატიის სასათაურო სურათად ეს ფოტო იმიტომ ავირჩიე, რომ ეს ცნება ყველაზე ნათლად ჩანს აქ
ამ ყველაფერს უფრო ზოგად დასკვნამდე მივყავართ: როტაციული პრინციპი საშუალებას გვაძლევს აიკიდოში მყისიერად დავრტყათ წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, თანაც ისე, რომ არ გავიაროთ წინასწარი მოსამზადებელი ფაზა დარტყმისათვის. სხვა სიტყვებით, ხმალი და შუბი მუდმივად შემართულია აიკიდოში და თვით აზრი დარტყმის მომზადების შესახებ, ნიშანია მოქმედების პრინციპის უცოდინარობისა. მოქმედების ეს პრინციპი ამ ხელოვნების გულშია.
შევეცდები, ერთ დღესაც ავხსნა ეს პრინციპი ხმლის ხუთი კამაედან. არასდროს უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ეს რეალობა: „დარტყმის მომზადებისათვის“ საჭირო დრო საკმარისია მოწინააღმდეგისათვის, რომ მან თავად დაგარტყათ თქვენ. დარტყმის მომზადება სინამდვილეში საკუთარი მოწყვლადობის ორგანიზებას ნიშნავს. ყველამ მომიტევოს ეს ახირება, მაგრამ „მყისიერი თუ დაუყოვნებლივი პასუხი“, რაზეც ო-სენსეი ლაპარაკობს, ვერ მომზადდება, თვით განსაზღვრებაც მიუთითებს ამას.