მართლაც, აიკიდოს ხშირად წარმოადგენენ ხოლმე თავდაცვის ხელოვნებად, რაც უხეში შეცდომაა, რადგან როდესაც აგრესია ჩნდება, მაშინ ყველაფერი უკვე გვინაა.

ბოდიშს ვიხდი ამ მონოლოგი-ვიდეოსთვის, რომელიც, ცხადია, ცოტა ძნელად მოსანელებელია. მაგრამ ძალიან გრძელიც არ არის და იმაზე, რის ჩვენებასაც ვცდილობ, მთლიანადაა დამოკიდებული აიკიდოს პრაქტიკა. ამ აზრის შესახებ წინა სტატიაში მოგახსენეთ: აიკიდოს არ ახასიათებს დუალობა, რომელსაც მცდარად მიაწერენ, როდესაც მასში მხოლოდ პასუხს ხედავენ შეტევაზე და თავდაცვას აგრესიის წინააღმდეგ..
მართლაც, აიკიდოს ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე თავდაცვის ხელოვნებად, რაც უხეში შეცდომაა, რადგან როდესაც აგრესია ჩნდება, ყველაფერი უკვე გვიანაა მოქმედებისთვის. ეს არ ნიშნავს თავისთავად, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რადგან აიკიდო არ გახლავთ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად შექმნილი უბრალო ტექნიკა. ამასთან შეტევა, თუნდაც პრევენციული, სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ აგრესიაა.
ბატონი პუტინი, მაგალითად, გულისხმობს, რომ თავს ესხმის უკრაინას პრევენციულად, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ამბავს, რომ ეს შეტევა მივიჩნიოთ აგრესიად, რაც არის კიდეც სინამდვილეში. მეორე მხრივ, ვხედავთ ტანჯვა-წამებასა და ნგრევას, რასაც უკრაინა განიცდის დღეს იმის გამო, რომ მან მოიცადა, ვიდრე შეტევა არ დაიწყებოდა, რომ მერე თავი დაეცვა.
თუ გვინდა, გვერდზე გადავდოთ ყველა მორალური თუ ემოციური კონცეფცია და ცივად შევხედოთ მდგომარეობას, ორ სტრატეგიულ შეცდომას დავინახავთ ორივე მხრიდან.
ბრძოლაში პასუხი შეტევაზე ნებისმიერ შემთხვევაში ნაგვიანევია და იშვათად შეიძლება დაკარგული მოედნის უკან დაბრუნება. აქ მსხვერპლის სიმარჯვე თუ მოუხერხებლობა არაფერ შუაშია, რადგან მთავარი არსებითი საკითხია: თვით რეაქციის ბუნებაა ასეთი, როდესაც ის სხვის მოქმედებას მოსდევს. ყოველი მოქმედება იწვევს რეაქციას და ის მარადიული მექანიზმი, რომელიც ამ დუალობიდან იშვება, ვერ მიგვიყვანს მდგრად მშვიდობასთან.
აიკიდო სწორედ ამ სისუსტეს ააშკარავებს, აჩვენებს, რომ არც შეტევა და არც თავდაცვა არ წარმოადგენს კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებას და გვთავაზობს დაპირისპირების გადაჭრას იმის გააზრებით, რომ ის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, ამავდროულად მათ ერთმანეთს შემავსებლად აქცევს და რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს დიდი სასწაული.
ამგვარად, აიკიდო არ არის რეაქცია სხვის მოქმედებაზე, აიკიდოს მოძრაობა არსებობს თავისთავად, სხვის გამოჩენამდეც კი. ‘სხვა’, რომელიც მეტოქის ფორმას იძენს, რა თქმა უნდა, ‘მოკავშირეა’ ერთი წამით მოძრაობისას, მაგრამ ის არ იწვევს და არ იწყებს მოძრაობას. რადგან გაიჩინო მოწინააღმდეგე, როგორიც არ უნდა იყოს ის, და იმოქმედო აქედან გამომდინარე, ნიშნავს აუცილებლად გახდე გამარჯვებული ან დამარცხებული. გამარჯვებისა ან დამარცხებისაგან კი მხოლოდ ეფემერული და არამდგრადი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს. 1919 წლის 28 ივნისის ვერსალის ხელშეკრულებაში უკვე იყო მეორე მსოფლიო ომის თესლი ჩადებული, 1945 წლის თებერვლის იალტის შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო მსოფლიოს სტაბილურობა, მან წარმოქმნა ცივი ომი და ამასწინანდელი შეჭრა უკრაინაში. ამ მხრივ, საშუალო ან გრძელი ვადით თუ შევხედავთ, ცუდ ზავს არასდროს ჰყავს გამარჯვებული, ასეთ დროს ყველა დამარცხებულია.
ვერ ავაფრენთ თვითმფრინავს მიზიდულობის კანონის გაუთვალისწინებლად. ადამიანთა ურთიერთობებში მოქმედება იმ კანონების გაუთვალისწინებლად, რომლებიც მათ მართავს, არის დრამატული შედეგების მომტანი ამაოება ან დაუდევრობა. ადამიანის მოქმედების მთავარი თვისება თავმდაბლობა უნდა იყოს, რადგან ამგვარი მოქმედება სამყაროს კანონს ექვემდებარება და აზრი მხოლოდ მასთან შესაბამისობაში აქვს. სამყაროს წესრიგის საფუძვლები ჩვენ აღგვემატება, ისინი იმ ყოველივეს მიღმაა, რასაც ჩვენ სიკეთესა და ბოროტებას ვუძახით, ისეც ხდება ხოლმე, რომ მათი საშუალებით სამყაროები ნადგურდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ჰარმონია, ანუ მშვიდობა ქმნის. მეომარი, რომელიც ხმალს ატარებს, შეიძლება მოკვდეს ან სხვას წაართვას სიცოცხლე, მაგრამ ამისთვის სამყაროსთან შესაბამისობაში არსებულ მოძრაობებს იყენებს, ის მონაწილეობს, როგორც კოსმოსის გაწონასწორებული პლანეტები და ვარსკვლავები. ეს წონასწორობა მისთვის ერთ ბრუნში, ასპირაციასა და სწორ მომენტში (ავასე) იყრის თავს.
ყველა ადამიანი დედამიწის შვილია, მაშასადამე ყველა კონფლიქტი ძმათამკვლელია. ნაციათა თანაცხოვრებაში მშვიდობა ვერ დამყარდება ხალხების ნების გარეშე, ჰარმონიზება მოახდინონ სამყაროს მოძრაობასთან. მხოლოდ ასეთი მშვიდობა შეიძლება იყოს მდგრადი და ხანგრძლივი, იმიტომ რომ ის წმინდა განზომილებიდან ამოდის, შეიძლება სწორედ ესაა სააღდგომო მშვიდობა.
დედამიწაზე მცხოვრები ხალხები იარაღს აგროვებენ, იმიტომ რომ განუწყვეტლივ პოულობენ მოწინააღმდეგეებს, ამ გზას ერთადერთი ბოლო აქვს – ქაოსი. სამხედრო ძალას არ შეუძლია ნამდვილ მშვიდობამდე მიიყვანოს საქმე, ეს მხოლოდ საომარი განწყობის მიტოვებას შეუძლია ეს. ოსტატი უეშიბა ამბობდა, გამარჯვება ნიშნავს დაამარცხო და გაანადგურო თავად ბრძოლის განწყობაო. მეომარი, რომელიც აიკიდოს გზას მიჰყვება, დასაწყისში არ იცის ეს, თუმცა ვარჯიშობს იმ მიზნით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბრძოლის ამაოების სულისკვეთებას ჩასწვდეს და სწორედ მაშინ პოულობს ფორმულის si vis pacem para bellum ღრმა აზრს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე ზედაპირული ფორმითაა ხოლმე გაგებულ-გააზრებული. სრული გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არაა ბრძოლა და ესაა სწორედ მასაკაცუ აგაცუ კაცუ ჰაიაჰი.
არ გაიგოთ არასწორად ჩემი სიტყვები, ბრძოლის განწყობის მიტოვება იმ ძალადობის მიტოვებაა, რომელსაც უთანხმოება და უბედურება მოაქვს, განადგურების, სიძულვილისა და შურისძიების წრიდან გასვლაა, მშვიდობის ძალის პოვნა და მისი მოფრთხილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბრძოლაზე უარის თქმას, როდესაც ეს უკანასკნელი გარდაუვალი ხდება.
ფილიპ ვოარინო,
აღდგომა, 2022 წელი