აიკიდოში არ არსებობს ერთ მოწინააღმდეგესთან შესრულებული ნამდვილი ტექნიკა, თუკი მისი შესრულება სხვა მოწინააღმდეგეების გათვალისწინებითაც არ შეიძლება.

აიკიდო სტრატეგიის ხელოვნებაა.
სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცოცხალი დარჩეს ბრძოლის ველზე, ეს კი ნიშნავს, რომ გონება ყოველწამიერად უნდა იყოს დაკავებული ოთხი და რვა მხრიდან მომავალი საშიშროებით.
დაამარცხო ერთი მეტოქე და ამავდროულად მოკვდე მეორე მეტოქის დარტყმისაგან არ არის სტრატეგია. ხელის ან მაჯის მომტვრევა უსარგებლოა, თუ სიცოცხლეს ამ საბრალო გმირობის გამო გამოესალმები:

აიკიდოში არ არსებობს ერთი მოწინააღმდეგისათვის განკუთვნილი ტექნიკია, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე ერთია. არ არსებობს აიკიდოს ნამდვილი ტექნიკა ერთ მოწინააღმდეგეზე, თუკი ის არ სრულდება ამავდროულად ყველა სხვა შესაძლო მეტოქეების გათვალისწინებით.
ის, რაც ეფექტურია მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწინააღმდეგესთან, ის არ არის ეფექტური. ის, რაც ეფექტურია ერთ მოწინააღმდეგესთან, ეფექტური უნდა იყოს ყველა სხვა მოწინააღმდეგესთანაც. და პირუკუ, რაც ეფექტურია ყველა სხვა მოწინააღმდეგესთან, აუცილებლად ეფექტური იქნება ერთადერთ მოწინააღმდეგესთანაც.
ესაა სტრატეგია და ესაა აიკიდო. არ არსებობს აიკიდოს ტექნიკა სტრატეგიის გაუთვალისწინებლად.სტრატეგია საშუალებას გვაძლევს რამდენიმე შეტევის შემდეგ ცოცხალი დავრჩეთ, მაგრამ მხოლოდ ესეც არ არის. მიამოტო მუსაში წერდა: „ფარიკაობის ჭეშმარიტი ღირებულება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტექნიკითო“, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარიკაობა თავის ღირებულებას ყველა ღირებულების სათავიდან იძენს, სადაც საბრძოლო ტექნიკა მხოლოდ ერთ-ერთია სხვებს შორის. ამიტომაცაა საბრძოლო ხელოვნება ხელოვნება. მებრძოლი თავის ტექნიკას გადარჩენისთვის იყენებს, მხატვარი ხატვისთვის, მუსიკოსი მუსიკისთვის, თუმცა ტექნიკა არც ერთი მათგანისთვის თვისთმიზანი არ გახლავთ, ხელოვნება ტექნიკის მიღმა დგას.
სტრატეგია არ დაიყვანება გადაადგილებამდე, მაგრამ სტრატეგიის გასააზრებლად უნდა გვესმოდეს გადაადგილების პრინციპი, რადგან სტრატეგია უკავშირდება გადაადგილებას, როგორც მხატვრობა უკავშირდება სინათლეს, მუსიკა კი რიტმს.
რიტმი ყველაფერშია, ესეც მუსაშის ერთ-ერთი სწავლებაა. აიკიდო სამთვლიანი რიტმია, სადაც ერთი ციკლის დასასრული ამავდროულად მომდევნოს დასაწყისია: ჰანმი-ირიმი-ტენკანი-ჰანმი, მოძრაობა ამ წრეში ეწერება. ჰანმი, სამკუთხედი, მოძრაობის დასაწყისი და დასასრული, მუსიკალური გასაღებივითაა, ის იძლევა მითითებებსა და მიმართულებებს, ეისენი კი ექვსია და სახელები მე მათ სხვა სტატიაში (Praetendere) დავარქვი: კრიერი, არტიკი, კალაერი, ანატოლი, მეზამბრინი და ჰესპერი. მოძრაობა, რომელიც ამ ექვსი მიმართულებით მიდის, ყოველთვის ერთი და იგივეა, ეს ირიმი-ტენკანია, კვადრატია. ამ კვადრატით ამოძრავდება სამკუთხედი წრეში. ესაა აიკიდოს რიტმი. წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ კოტე გაეში ექვსივე მიმართულებით შეიძლება შესრულდეს, არც მეტი და არც ნაკლები. ვიდეო გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი მიმართულება აკრძალულია. ვიდეო იმასაც გვიჩვენებს, რომ თითო მიმართულება საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ თითო ტექნიკა თითო მოწინააღმდეგეზე, ვაკონტროლოთ მეორე და დავშორდეთ სხვათა შესაძლო შეტევებს, და ეს ყველაფერი ერთი და იმავე მოძრაობით ხდება… ყოველთვის:

ფილიპ ვოარინო
4 დეკემბერი, 2022
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-strategie/